2020 წლის აპრილიდან თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ამოქმედდება, რომელსაც სპეციალიზებული გამომძიებლები ეყოლება
2020 წლის აპრილიდან თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ამოქმედდება, რომელსაც სპეციალიზებული გამომძიებლები ეყოლება

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ლელა აქიაშვილმა განაცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო, როგორც გრძელვადიან გამოწვევებსა და გეგმებზე, ასევე, იმ პირველი რიგის პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც ამ ეტაპზე პრიორიტეტულია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შედეგად, 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისში ამოქმედდება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელსაც საწყის ეტაპზე 25 სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება. ასევე, შეიქმნება კრიზისულ სიტუაციებში რეაგირების უწყებათაშორისი დეტალური გეგმა, სადაც გაიწერება ყველა აქტორთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები და ვალდებულებები.

„განვაგრძობთ მუშაობას სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და არასრულწლოვანი მოწმეებისთვის ადვოკატის ყოლის აუცილებლობის საკითხებზე. დღეს დილიდან შესაბამისი უწყებები უკვე გვაწვდიან ინფორმაციას და აგრძელებენ მუშაობას თითოეული მიმართულებით. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ როგორც ოთხივე სამინისტროს და განსაკუთრებით მინისტრის მოადგილეებს აქტიური თანამშრომლობისათვის, ასევე, პროცესში ჩართულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს”, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესი ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს და მას კოორდინაციას ადამიანის უფლებათა სამდივნო უწევს.