2020 წლიდან ორი ახალი უწყება - მმართველობითი ერთეული და გადამხდელი სააგენტო შეიქმნება
2020 წლიდან ორი ახალი უწყება - მმართველობითი ერთეული და გადამხდელი სააგენტო შეიქმნება

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია, რომელიც საჯარო დისკუსიისთვის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, 2020 წლიდან ორი ახალი სტრუქტურის – მმართველობითი ერთეულისა და გადამხდელი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

კერძოდ, მმართველობითი ერთეულის ძირითადი ფუნქცია იქნება სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია, ასევე მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება.

გადამხდელი სააგენტო კი, უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციების ფარგლებში, უშუალოდ, სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებას.

დოკუმენტის მიხედვით, განახლდება არსებული სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და დებულება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2012 წლიდან, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების მიუხედავად, საქართველოს სოფლის ტიპის ტერიტორია კვლავ მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. ეს არის სტრუქტურული სისუსტეები, მეწარმეობისა და დამატებული ღირებულების შექმნის დაბალი დონე, შრომატევადი და დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორი, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების დაბალი მაჩვენებელი, რეგიონული უთანასწორობის ზრდა, მოსახლეობაში სიღარიბეში ყოფნის მაღალი რისკები, გარემოს არასრულყოფილი დაცვა და სხვა.

დოკუმენტის მიხედვით, ამ გამოწვევებთან გამკლავება და სოფლად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი გარდატეხა 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებით მოხდება.