2020 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის ხუთ პროექტს განახორციელებს
2020 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის ხუთ პროექტს განახორციელებს

საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარი ამოცანა საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს ხუთი პროექტის განხორციელება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საავტომობილო გზების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 2020 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საავტომობილო გზების ქსელზე მოეწყობა 71 400 მეტრის სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესაბამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, ხოლო მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის საავტომობილო გზების ქსელზე – 31,370 მეტრი იდენტური კონსტრუქცია.

უსაფრთხოების ხარისხისა და არსებული რისკების განსაზღვრის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 600 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთებზე, ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩატარდება გზების შეფასების საერთაშორისო პროგრამის საპილოტე კვლევა (iRAP).

მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საპრევენციო ღონისძიებების სახით, სოფელ ძეგვზე გამავალ მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები, სადრენაჟე სისტემები და საგზაო ნიშნები.

„უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჯამში, 1283 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთებზე, მათ შორის, პირველ ყოვლისა „შავ წერტილებზე“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს ინსპექტირებას. დამონტაჟდება დამატებით საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნების, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოეწყობა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ასევე დაგეგმილი აქვს 38 სასწორის შეძენა და ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების მოწყობა გურიასა და იმერეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ზენორმატიულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გასაკონტროლებლად. მოცემულ ეტაპზე, პროექტის დაფინანსების მიზნით, მიმდინარეობს სატენდერო პირობების შეთანხმების პროცედურები აზიის განვითარების ბანკთან“, – აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე განახორციელა რვა მილიონი ლარის სამუშაოები. სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მოეწყო 62 750 მეტრი EN 1317 ევროპული ნორმების შესაბამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელები და 5100 მეტრის ფოლადის ბაგირები; ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ოთხ მონაკვეთზე შეკეთდა მრუდის ელემენტები, მოეწყო წყალამრიდი და წყალგამტარი საშუალებები.

„დაწყებულია და 2020 წლის პირველ ნახევარში დასრულდება 8,5 მილიონი ლარის სამუშაოები კახეთის საავტომობილო გზების ოთხ მონაკვეთზე შერწყმისა და განშტოების ადგილებზე წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის მოსაწყობად. ასევე, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონების საავტომობილო გზის ექვს მონაკვეთზე ტროტუარების, წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის გასაკეთებლად“, – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროში.