2020 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში, მოსწავლეებთან ერთად, სტუდენტები და ეთნიკური უმცირესობები ჩაერთნენ
2020 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში, მოსწავლეებთან ერთად, სტუდენტები და ეთნიკური უმცირესობები ჩაერთნენ

2020 წლის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, გაფართოვდა სამიზნე აუდიტორია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტებში, მოსწავლეებთან ერთად, უკვე სტუდენტები და საჯარო და კერძო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ჩაერთო. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, მედიაწიგნიერების ტრენინგები და სასწავლო კურსები ონლაინრეჟიმში ტარდებოდა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – ეს ის უნივერსიტეტებია, რომელთა 700-მდე სტუდენტი მედიაწიგნიერების პროექტებში 2020 წელს ჩაერთო. სტუდენტებმა „ციფრული წიგნიერებისა და კიბერეთიკის“, ასევე მედიაწიგნიერების საფუძვლების შესახებ გაიღრმავეს ცოდნა.

2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ, მედიააკადემიასთან ერთად, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პირველად ჩაატარა. კონკურსის ფარგლებში, კომისიაში სულ 120-მდე საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა. წარმატებული სტუდენტები BBC აკადემიის სასწავლო მასალებითა და მედიაწიგნიერების დეპარტამენტის მიერ შექმნილი პროგრამით გადამზადდნენ და ტრენერის სტატუსი მიენიჭათ, სტუდენტები მომავალში სკოლებში ტრენინგების ჩატარებას შეძლებენ.

2020 წელს მესამედ ჩატარდა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელშიც მონაწილეობა 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის ფარგლებში, კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, 10 საჯარო სკოლაში 200-ზე მეტი მოსწავლისთვის ონლაინგაკვეთილები ჩაატარა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მოზარდების ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, 2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა:

„წარმატებით გაგრძელდა პროექტი Happy Onlife – ონლაინაპლიკაცია, რომლის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება. აპლიკაცია 9 000-მდე მომხმარებელმა ჩამოტვირთა.

ასევე, წარმატებით გაგრძელდა პროექტი „გამარჯობა რუბი“ – ფინური წიგნების სერია, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი კლასის ბავშვებში პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და კოდის წერის საწყისების დაუფლებას, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას. ფინური წიგნების სერიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესისა და მოთხოვნის გამო, წიგნის ავტორის, ლინდა ლიუკასის სწავლების მეთოდოლოგიით კომუნიკაციების კომისიამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2020 წელს დამატებით 50-ზე მეტი მასწავლებელი გადაამზადა.

გაგრძელდა პროექტი „მედიის ეკონომიკა“, რომელიც 10-დან 15 წლამდე მოზარდებს ციფრული მედიის ეკონომიკისა და ინტერნეტსაფრთხეების ამოცნობის უნიკალურ მიდგომებსა და გზებს ასწავლის. 2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ განაახლა მედიის ეკონომიკის სილაბუსი და შექმნა ახალი სასწავლო მასალა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის საფუძველზეც 100-ზე მეტი მასწავლებელი და „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩი გადამზადდა.

2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფად ეთნიკური უმცირესობები განსაზღვრა. კომუნიკაციების კომისიამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახალი სასწავლო მასალა შექმნა, რომელიც სწორედ მედიაწიგნიერების უნარების განვითარებითა და გამოყენებით სტერეოტიპებისა და სოციალური მედიის მავნე ზეგავლენებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. ტრენინგების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების 100-ზე მეტი წარმომადგენელი გადამზადდა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა და მიიღეს დეტალური ინფორმაცია მედიაწიგნიერების ძირითადი არსის და პრინციპების შესახებ.

სწორედ მედიაწიგნიერების წარმატებული პროექტები გახდა იმის საფუძველი, რომ კომუნიკაციების კომისია 2021 წელს ევროკავშირის პროექტს – „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება განათლებაში“ განახორციელებს. 2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსება მიიღო და პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს მედიაწიგნიერების მიმართულებით გადაამზადებს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.