2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში 1 437 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 134 ადამიანი დაიღუპა, 2 022 კი დაშავდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება. ინფორმაციას შსს აქვეყნებს.

უწყების მიერ გასაჯაროებული სტატისტიკის თანახმად, ავარიების უმრავლესობის – 686 შემთხვევის მონაწილეა მსუბუქი ავტომობილი – დაიღუპა 49 ადამიანი; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით მოხდა 47 შემთხვევა – დაიღუპა ოთხი ადამიანი; სატვირთო ავტომობილს 76 შემთხვევა და 14 დაღუპული უკავშირდება, მოტოციკლს კი 74 შემთხვევა და სამი დაღუპული. დანარჩენ შემთხვევებში ავარიებში სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებები მონაწილეობდა. დაღუპულთა შორის სამი შვიდ წლამდე ბავშვია და სამივე მათგანი ქვეითია, რვიდან 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი ოთხი დაღუპულია.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს გზებზე 1 034 სატრანსპორტო-საგზაო შემთხვევა მოხდა და 69 ადამიანი დაიღუპა, 1 372 კი დაშავდა.

ამასთან, მეორე კვარტალს დაემთხვევა თითქმის ორთვიანი პერიოდი (31 მარტი-23 მაისი), როდესაც კომენდანტის საათი მოქმედებდა და მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის ექვს საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ (გარდა სპეციალური საშვების მქონე პირებისა). 17 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილებაც.

რაც შეეხება პირველ კვარტალს, 1 236 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შედეგად დაიღუპა 134 ადამიანი, დაშავდა 1 610.