2019 წლის ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის
2019 წლის ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წლევანდელი ზაფხული ყველაზე ცხელი იყო 1880 წლის შემდეგ, რაც შესაბამისი მონაცემების ჩაწერა დაიწყო.

NOAA-ს მონაცემებით, ათასობით თერმომეტრის, ტივტივასა და სხვა სენსორების მიერ ჩატარებული გაზომვებით ირკვევა, რომ ამ ზაფხულს ტემპერატურა 1,13 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო მეოცე საუკუნის საშუალო მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, NOAA-სა და NASA-ს მონაცემებით აგვისტო მსოფლიოს მეორე ყველაზე ცხელი თვე იყო უჩვეულოდ ცხელი პირობებით პოლუსიდან პოლუსამდე, ყველა ოკეანეში.

2019 წლის რეკორდული სიცხის შესახებ აღსანიშნავი კიდევ ის არის, რომ მას თან არ ახლდა ძლიერი ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში. ელ-ნინიო არის ფენომენი, რომლის დროსაც ოკეანე თბება და შემდეგ, ატმოსფეროში ბევრ სიცხეს გამოყოფს.

ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირების დონის ზრდის საპასუხოდ, იზრდება გლობალური საშუალო ტემპერატურა და კლიმატის რეკორდული ნიშნულების გადალახვა უკვე ძლიერი ელ-ნინიოს გარეშეც შესაძლებელია.

მაგალითად, NOAA-ს მონაცემებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზედიზედ დაფიქსირდა ხუთი ყველაზე ცხელი ზაფხული.

წლევანდელი ზაფხული გამოირჩეოდა სწრაფად თბობადი პლანეტისთვის დამახასიათებელი უჩვეულო სიმპტომებით.

ივლისში ევროპაში სასტიკი პაპანაქება იდგა, რამაც მრავალ ქვეყანაში მოხსნა სიცხის რეკორდი. სიცხის ტალღამ გადაუარა არქტიკასაც.

სიცხის ალში გაეხვა ტყეები ალასკიდან და კანადიდან ციმბირის ტუნდრამდე, რამაც წარმოშვა შესაძლებლობა, რომ ამ რეგიონმა ნახშირბადი კი არ შთანთქოს, არამედ პირიქით, ატმოსფეროში დამატებითი ნახშირორჟანგი გამოყოს.

საშუალო მაჩვენებლიდან ყველაზე მომატებული ტემპერატურა დაფიქსირდა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ბერინგის ზღვაში, ჩრდილოეთ კანადაში, ცენტრალურ ევროპასა და ჩრდილოეთ რუსეთში.

სამაგიეროდ, 1981-2010 წლების საშუალო მონაცემებთან შედარებით უჩვეულო სიცივე იყო დასავლეთ რუსეთსა და ინდონეზიის ნაწილში.

ზაფხულის თვეების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იყო ტემპერატურა სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, მექსიკის ყურესა და ჰავაის რეგიონში. მაგალითად, აფრიკაში ივნისი-აგვისტოს პერიოდი ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის.

გლობალური მასშტაბით, ივნისი-აგვისტოს პერიოდი მეორე ყველაზე ცხელი იყო, 0.93 გრადუსი ცელსიუსით მაღალი მე-20 საუკუნის საშუალო მაჩვენებელზე, მხოლოდ 0.02 გრადუსით ჩამოუვარდებოდა 2016 წლის მაჩვენებელს.

იგივე მონაცემების, მაგრამ ანალიზის სხვა მეთოდით, ნასამ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულის თვეები 2019 წელს პლანეტაზე ყველაზე ცხელი იყო სხვა წლების ამავე თვეებთან შედარებით, ოდნავ აღემატებოდა 2016 წლის მონაცემებს.

გარდა ამისა, ნასამ ისიც დაადგინა, რომ ივნისი-აგვისტოს პერიოდი ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის.

NOAA-ს მონაცემებით, ათიდან ცხრა ყველაზე ცხელი ივნისი-აგვისტოს პერიოდი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის თვალსაზრისით, 2009 წლის შემდეგ დაფიქსირდა.

როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული იყო, რა თქმა უნდა, სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზამთარი იდგა, ასევე საშუალოზე გაცილებით მაღალი ტემპერატურით.

NOAA-ს გამოთვლებით, 2019 მეორე ან მეოთხე ყველაზე ცხელი წელი იქნება დედამიწაზე აღრიცხულთა შორის.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი