2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 13.4 პროცენტით გაიზარდა
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 13.4 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 13.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, – აღნიშნულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საერთო მაჩვენებლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი.

2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ასევე 13  არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების 66.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე – ექსკურსანტი.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 36.8 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1 პროცენტი) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40 პროცენტს შეადგენდა.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 069.3 ათასი და 516.7 ათასი ვიზიტი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.6 ღამე) 9.1 პროცენტით მეტია.

განხორციელებული ვიზიტების 70 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ასევე, 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა.