2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის ცვლილება მხოლოდ არჩევით საგანს შეეხება
2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის ცვლილება მხოლოდ არჩევით საგანს შეეხება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ ეროვნულ გამოცდებში წელს მხოლოდ ერთი რეგულაცია შეიცვლება, რომელიც არჩევით საგანს შეეხება.

მისი თქმით, აბიტურიენტები შანსების გასაზრდელად რამდენიმე არჩევით გამოცდას ირჩევდნენ და ერთ-ერთი გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, გრანტის მიღების შანსებს კარგავდნენ.

„განსაკუთრებულად მოტივირებული აბიტურიენტები რამდენიმე არჩევით გამოცდას ირჩევდნენ. ისე ხდებოდა, რომ თუ რომელიმე საგანში ჩაიჭრა ან თუნდაც ავად იყო და ვერ გამოცხადდა, მაშინ ის უკვე გრანტის მიღების შანსს კარგავდა, რაც ამ აბიტურიენტების მიმართ უსამართლო იყო. რეგულაციას წელსვე შევცვლით. იმედი მაქვს, ამას საზოგადოებისგან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვება.

მაგალითად, აბიტურიენტს შეიძლება ამერჩია ქიმიაც, ფიზიკაც და ბიოლოგიაც, შემდეგ კი მენახა, სად უფრო მაღალი ქულა მივიღე. ეს ქულები განსაზღვრავდა ჩემს ჩარიცხვასა და გრანტს. ამიტომ ასეთი ყველაზე მოტივირებული აბიტურიენტების შანსები იზრდებოდა. თუმცა ცუდია, რომ თუ მაგალითად, ერთ-ერთ გამოცდაზე ვერ მივედი, გრანტის მიღების თვალსაზრისით ყველაფერი წყალში მეყრებოდა. წელს აღარ იქნება დამოკიდებული აბიტურიენტი, ერთ-ერთ გამოცდაზე ჩაიჭრა, თუ ვერ გამოცხადდა. ეს წესი 2019 წლიდან აღარ იქნება და აბიტურიენტს გრანტის მიღების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან სამ საგანში ჩატარდება, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს მეთორმეტე კლასელებისთვის შენარჩუნდება.