2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა პარლამენტში დღეს გაგრძელდება
2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა პარლამენტში დღეს გაგრძელდება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაგრძელდება.

მთავარი საფინანასო-საბიუჯეტო დოკუმენტის პირველი მოსმენით განხილვა სესიაზე გუშინ დაიწყო, თუმცა სხდომის ოთხსაათიანი დაგვიანებით დაწყების მიზეზით, დეპუტატებმა მსჯელობა დროულად ვერ დაასრულეს.

პროექტის შინაარსსა და მის პრიორიტეტებს კანონმდებლებს დოკუმენტის ავტორი უწყების ხელმძღვანელი ივანე მაჭავარიანი აცნობდა.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით მატება ასაკობრივი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მეორე კატეგორიისთვის, ასევე განსაზღვრულია 50-ლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები არის 12 მილიარდ 997 მილიონი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს სახელმწიფო დახარჯავს 538 მილიონით მეტს, ვიდრე ხარჯავს 2018 წელს. მსგავსი ციფრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. განათლებაზე, სოციალურ სფეროზე, ჯანდაცვასა და ა.შ. ამ სფეროებზე იხარჯება თითქმის ხუთი მთელი ხუთი მეათედი მილიარდი. ჩემი კუთხით ასევე შემიძლია დავამატო, ეს ბიუჯეტი არის მაკროეკონომიკურად გამართული ბიუჯეტი“, – განაცხადა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

„საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო კვლავ ხდება საგარეო და საშინაო ვალები. არ იწვევს ეს ბიუჯეტი ნდობას“, – განაცხადა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.