2019 წლიდან ოქროსფერი 50-თეთრიანების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი
2019 წლიდან ოქროსფერი 50-თეთრიანების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი

2019 წლის პირველი იანვრიდან, 1995 წლის მიმოქცევის 50 თეთრის ნომინალის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტების გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი.

2018 წლის ბოლომდე კი, აღნიშნული მონეტების გამოცვლა შესაძლებელია, როგორც ეროვნულ ბანკში, ისე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან – მხოლოდ  ეროვნულ ბანკში (მისამართი: საკასო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი 0198).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხსენებულმა მონეტებმა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის პირველი იანვრიდან დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ აქვთ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.

1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის ავერსზე დატანილია – გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი “50” და წარწერა – “თეთრი”, რევერსზე – ბორჯღალი, ციფრები წარწერები: “საქართველოს რესპუბლიკა”, “REPUBLIC OF GEORGIA”.