2019 წლიდან ანასეულის ლაბორატორიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური პარაზიტის მოძიებაზე მუშაობა დაიწყება
2019 წლიდან ანასეულის ლაბორატორიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური პარაზიტის მოძიებაზე მუშაობა დაიწყება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად ახალ მეთოდზე გადასვლას გეგმავს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გამოვლინდა რამდენიმე სახეობის პარაზიტი, რომელსაც შეუძლია აზიური მავნებლის კვერცხის განადგურება.

2019 წლიდან კი ანასეულის ლაბორატორიაში სპეციალისტები დაიწყებენ შესწავლას, რომელი ბიოლოგიური მტერი იქნება უკეთესი ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ პარაზიტის შემოყვანა სხვა ქვეყნიდან არ მოხდება და შერჩეული ბიოლოგიური აგენტები საქართველოს ტერიტორიაზე მოიძებნება.

„ვმუშაობთ ბიოლოგიური აგენტების მოძიებაზე საქართველოში და მიმდინარეობს შესაძლებლობის შესწავლა, რამდენად დააზიანებს მავნებელს ბიოაგენტი. ზოგადად საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, დაახლოებით 40-მდე სახეობის პარაზიტი არის გამოვლენილი, რომელსაც ფაროსანას კვერცხის დაზიანება შეუძლია, მათ შორის ოთხი არის განსაკუთრებულად გამოყოფილი, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა თავთავიანი კულტურების მავნებლის, მავნე კუსებურას წინააღმდეგ და საკმაოდ წარმატებულადაც. ამ ოთხიდან შეიძლება შეირჩეს ერთი-ერთი და ამაზე მიმდინარეობს ზუსტად მუშაობა. ეს არ არის შემოყვანილი, ეს არის ადგილობრივი მტაცებელი, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია გავრცელებული და ლაბორატორიაში, რომელიც შეიქმნა ანასეულში, ამ საკითხებზე იქნება ინტენსიური მუშაობა. ლაბორატორიისთვის უკვე შესყიდულია აპარატურა, რომელიც დამონტაჟდება მომავალი წლიდან, ზამთრის პერიოდიდან და დაიწყება კვლევები ამ მიმართულებით“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ.