2018 წლის ზამთრის თამაშებში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ხუთ დეკემბერს გახდება ცნობილი
2018 წლის ზამთრის თამაშებში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ხუთ დეკემბერს გახდება ცნობილი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხუთ დეკემბერს, თბილისის დროით 22 :30 საათზე გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას 2018 წლის ზამთრის თამაშებში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების მონაწილეობის შესახებ. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პიონჩანგის ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების მოკვეთის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გამოქვეყნდა დენის ოსვალდის კომისიის გამოძიების პირველი შედეგები. ამ კომისიამ გადაამოწმა რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯები 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან. ამ მომენტისთვის, ექვს რუს მოთხილამურეს მისცეს სამუდამო დისკვალიფიკაცია. მათი შედეგები 2014 წლის ოლიმპიადაზე გაუქმებულია, მედლები კი ჩამორთმეული.

ამას ემატება ისიც, რომ ორი დღის წინ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ უარი თქვა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის ლიცენზიის დაბრუნებაზე, რითაც ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთში ბევრი არაფერი გაკეთებულა დოპინგთან ბრძოლის საქმეში.