2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 95 პროცენტით შესრულდა
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 95 პროცენტით შესრულდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 95 პროცენტით შესრულდა.

გიორგი კაკაურიძე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის პარამეტრებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს აცნობს.

კაკაურიძის თქმით, სახელმწიფოს ექვსი თვის განმავლობაში კარგი ეკონომიკური პარამეტრები აქვს.

„ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ბიუჯეტით არის დაგეგმილი. ამან ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები მოიტანა. საგადასახადო შემოსავლები სამ პროცენტზე მეტით არის გაზრდილი, ხარჯვითი ნაწილი 95 პროცენტით შესრულდა და შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის პარამეტრების შესრულების საკმაოდ კარგი ტენდენციაა. წლის ბოლომდე 5 მლრდ 200 მლნ ლარია დასახარჯი და დაგეგმილია, რომ ეს თანხა წლის ბოლომდე დაიხარჯება. კაპიტალური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხაც გასულ წლებთან შედარებით უფრო მეტად არის ათვისებული, თუმცა დიდი ნაწილი მეოთხე კვარტალშია გათვალისწინებული. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დიდი მაგისტრალი. კერძოდ, რიკოთ-ზესტაფონის რამდენიმე ლოტი, რომლის თაობაზეც ტენდერი მიმდინარეობს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კაკაურიძის ცნობით, ექვსი თვის მდგომარეობით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,7 პროცენტი იყო, ბიუჯეტი კი, 4,5 პროცენტზეა დაგეგმილი.

„2019 წლის ბიუჯეტთან ერთად 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების განახლებულ ვერსიას შემოვიტანთ. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაწყებულია და პარლამენტში პირველ ოქტომბერს შემოვიტანთ“, – დასძინა კაკაურიძემ.