2018 წლის 23 ივლისს ფოთში მომხდარ ფაქტზე ბრალდებული სამართალდამცველი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
2018 წლის 23 ივლისს ფოთში მომხდარ ფაქტზე ბრალდებული სამართალდამცველი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის პოლიციის თანამშრომელი ჭ.ლ., რომელმაც სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა, რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

საქმე ეხება 2018 წლის 23 ივლისს ფოთში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, ჩასარიცხ აპარატს ერთი პირი ქურდავდა. უწყების ვერსიით, ადგილზე მისული პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და თავში ბლაგვი საგნით ჭრილობა მიაყენა. ოფიციალური ვერსიით, პოლიციელმა აღნიშნული პირი თავდასხმის მოგერიების მიზნით დაჭრა, რის შემდეგაც დაჭრილი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეზე ორი გამოძიება მიმდინარეობს. პირველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, ხოლო მეორეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს.