2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული
2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული

2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

„მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებდნენ უკანონო დაკავებებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული.

უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ახდენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.