2018 წელს დაუმარცხებელი ფედერერი ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალშია
2018 წელს დაუმარცხებელი ფედერერი ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალშია

ინდიან უელსის “მასტერსზე” პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ამ ეტაპზე, თამაშის უფლება მოიპოვა შვეიცარელმა როჯერ ფედერერმა, რომელიც კორეელ ჰიეონ ჩუნგს ხვდებოდა.

ეს ჩოგბურთელები წელს ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ – ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში ფედერერი 6:1, 5:2-ს უგებდა ჩუნგს, როცა ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო ბრძოლა შეწყვიტა.

ფედერერმა ამჯერადაც “მშრალი” ანგარიშით მოიგო. პირველ სეტში შვეიცარელი 3:0 დაწინაურდა, მაგრამ კორეელმა ​უკუბრეიკის გაკეთება და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა მე-12 გეიმში როჯერმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტის სტარტზე ჩუნგს ​ბრეიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ფედერერმა კი თავისი შანსები ხელიდან არ გაუშვა და საბოლოოდ, საათსა და 23 წუთში 7:5, 6:1 მოიგო.

როჯერ ფედერერმა საკუთარი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2004 წელს ჰქონდა დამყარებული – სეზონის სტარტზე 16-დან 16 მატჩი მოიგო. ჩუნგის დამარცხება იმას ნიშნავს, რომ შვეიცარელი ინდიან უელსის შემდეგ რეიტინგში პირველობას შეინარჩუნებს.

ნახევარფინალში ფედერერის მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელმაც მეშვიდე ნომრად განთესილ სამხრეთაფრიკელს კევინ ანდერსონს სამ სეტში მოუგო – 2:6, 6:4, 7:6(3).