2018 წელს 15 ათასამდე საქმე მორიგებით დასრულდა
2018 წელს 15 ათასამდე საქმე მორიგებით დასრულდა

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ბიუროს ფარგლებში შექმნილი მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, 2018 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით დასრულდა 15 000-მდე საქმე.

მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შემდეგია: სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის ჯარიმების შემთხვევაში, მორიგების/განწილვადების მაჩვენებელმა შეადგინა 11 184 ერთეული, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 75 პროცენტს შეადგენს;  ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში სულ დასრულებული 312 საქმიდან მორიგებით დასრულდა 304 შემთხვევა, რაც 97 პროცენტს შეადგენს; ასევე, 2018 წლის მანძილზე შეწყდა 475 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია; აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ  4 266 ერთეული შეადგინა.

2018 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სააღსრულებო ბიუროების მიერ ჯამში დასრულდა 115 078 სააღსრულებო წარმოება.

ამასთან, ბიუროს ინფორმაციით, მოთხოვნა იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. 2018 წლის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია წინა წლებთან შედარებით. ასევე მაღალია დასრულებულ საქმეებს შორის მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელიც.

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 28 328 საქმე. მათ შორის მორიგება და ნებაყოფლობითი გადახდა განხორციელდა 4 ათასამდე შემთხვევაში.

ბიურო განმარტავს, რომ გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც  მოვალეს აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.

ამასთან, 2018 წლის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 250 ათასამდე მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის Doing Business 2019-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა. ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს.