2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 780 განცხადება შევიდა 
2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 780 განცხადება შევიდა 

2017 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან, მასმედიის წარმომადგენელთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და ადვოკატთაგან 780 განცახდება შევიდა.

აქედან დაკმაყოფილდა 421, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 98 განცხადება, 259 განცხადებას დაკმაყოფილებაზე კი უარი ითქვა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიშშია მოცემული, რომელიც დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ანგარიშში უარის მიზეზებია დასახელებული და აღნიშნულია,რომ 259 შემთხვევაში საქმე შეიცავდა მხარეების პერსონალურ მონაცემებს და საჭირო იყო სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება.

დანარჩენ – 421 შემთხვევაში კი განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგების, მიღებული გადაწყვეტილებების ასლების, მათი განხილვის ვადების დაცვის, სასამართლო პროცესების განრიგის შესახებ, სხვადასხვა სახის საქმეთა სასამართლოს წარმოებაში არსებობის შესახებ ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა კატეგორიის დავებზე სასამართლო მასალებისა და აქტების ქსეროასლებს.

ანგარიშში აღნიშნულია,რომ ყველა განცხადებაზე პასუხის გაცემა მოხდა როგორც წერილობითი სახით, ასევე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.