2017 წელს ორსულობის ან მის შემდგომ პერიოდში გართულებების შედეგად ოთხი ქალი დაიღუპა
2017 წელს საქართველოში ორსულობის ან ორსულობის დასრულებიდან მცირე პერიოდში ქალის გარდაცვალების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია პირველ არხს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან მიაწოდეს.
უწყების მონაცემებით, 4 ფაქტიდან ორი შემთხვევის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, პროფესიული განვითარების საბჭოზე დაისვა ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.
რა სახის სანქციები დაეკისრება კონკრეტულ ექიმებს, ამას სწორედ საბჭო გადაწყვეტს.
გავრცელებული პრაქტიკით, საბჭო მედიკოსებს სანქციებს აკისრებს ისეთი ფორმებით, როგორიცაა გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის რამდენიმეთვიანი შეჩერება, ლიცენზიის გაუქმება. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ისინი შესწავლის პროცესშია.
2018 წელს შესული შეტყობინებების საფუძველზე, დაწყებულია დედის გარდაცვალების 2 ფაქტის შესწავლა. მათ შორისაა დღეს ახალციხეში მომხდარი შემთხვევა, როდესაც კლინიკა „იმედში“ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 22 წლის პაციენტი, რომელმაც 28 მარტს იმშობიარა, დღეს, დაახლოებით დილის 07:30 საათზე მოულოდნელად გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში იკლებს. 2016 წელს საქართველოში ორსულობის ან ორსულობის დასრულებიდან 42 დღის პერიოდში ქალის გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ 100 000 ცოცხალშობილზე 23.0. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 32.1 იყო.
ცენტრის მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორისაა სისხლდენა მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, სეფსისი, საშვილოსნოს გარე ორსულობა, ასევე არაპირდაპირი ფაქტორები – ტუბერკულოზი, მენინგიტი და სხვა.