2016 წლის პირველი აგვისტოდან 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწა მარტივად დაირეგისტრირა
2016 წლის პირველი აგვისტოდან 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწა მარტივად დაირეგისტრირა

2016 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწა მარტივად დაირეგისტრირა. ამის შესახებ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომელიც საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნეს. ჯამურად, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 301 976 ჰექტარს შეადგენს. რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლი ლიდერობენ. რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში უფასო სერვისების მიღების გზით, მოქალაქეებმა 33 766 714 ლარი დაზოგეს.

ამასთან, საკადასტრო აზომვითი ნახაზების სუბსიდირების პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდა, სახელმწიფომ 276 438 აზომვითი ნახაზის მომზადება 22 008 648 ლარით დააფინანსა. ასევე, 5 თებერვლის მონაცემებით, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიებში საჯარო რეესტრიდან 27 075 განცხადებაა გაგზავნილი, 56 273 განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1490 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება. რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის უფასოდ შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.