2013 წლიდან გიორგი მარგველაშვილმა 3 671 პირი შეიწყალა
2013 წლიდან გიორგი მარგველაშვილმა 3 671 პირი შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2013 წლის 17 ნოემბრიდან პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სულ 3 671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი შეიწყალა.

“მათ შორის 3 438 მსჯავრდებული პირი, რომელთაც რეკომენდაცია შეწყალების საკითხთა კომისიამ გაუწია, მათგან 2 384 გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ხოლო 1 054-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა. დანარჩენი 233 პირი საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირი წესით, დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ სტატისტიკაში.

როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, პატიმრების შეწყალების საკითხში რეკორდსმენი არ არის.

“რეკორდებზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველაზე კარგი იქნება, გავეცნოთ სტატისტიკას, ვნახოთ ციფრები. ციფრები არასოდეს არ ტყუიან.პრეზიდენტი მარგველაშვილი ნამდვილად არ არის რეკორტსმენი შეწყალების კუთხით,თუმცა რომც ყოფილიყო შეიძლება ამაში ცუდი არც არაფერი ყოფილიყო. თუ ციფრებს დავეყრდნობით, ჩვენ დავინახავთ, რომ მმართველობის დროს სულ შეწყალებული ჰყავს 3671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი”, – აღნიშნა დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტატისტიკაში 2004 წლიდან 2013 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდიცაა მოტანილი, რომელზე დაყრდნობითაც სულ შეწყალებულია 34 947 პირი. მათ შორის 3 077 შეწყალების კომისიის რეკომენდაციით, დანარჩენი 31 870 პირიდან 8950 ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირი წესით შეიწყალა.

მონაცემების მიხედვით, 22 920 პირი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისგან და ნასამართლეობა მოეხსნა 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გამოცემული 4 განკარგულების საფუძველზე.