„ოჯახური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა“
„ოჯახური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა“

ოჯახური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გაცემის დინამიკა მზარდია არა იმიტომ, რომ საზოგადოებაში ძალადობა გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ მიმართვიანობა გაიზარდა, – ამის შესახებ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა, მაკა ფერაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან სტუმრობისას განაცხადა.

„2013 წლიდან დღემდე გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, გამოცემულია 3000-მდე შემაკავებელი ორდერი, მაშინ როცა, იმავე პერიოდის განმავლობაში, 2013 წელს 221 გაიცა”, – განაცხადა ფერაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, რომ ფემიციდი, ხშირშემთხვევაში, სწორედ შემაკავებელი ორდერების გაცემის შემდეგ ფიქსირდება, რადგან მოძალადე უფრო აგრესიული ხდება, მაკა ფერაძემ განაცხადა, რომ შსს-ს მონიტორინგი სულ სხვა სურათს იძლევა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ, რამდენად იმუშავა შემაკავებელი ორდერის გაცემამ, როგორც პრევენციულმა ღონისძიებამ და გეტყვით, რომ, ალბათ, 70% დადებითად მუშაობს, 30% კი, შესაძლოა, დადებითი არ იყოს. შემაკავებელი ორდერი თავისთავად პრევენციული ხასიათის მექანიზმია, რომელიც მოძალადეს გარკვეულ უფლებებს უზღუდავს და მსხვერპლს იცავს, თუმცა ის სანქცია არ არის”, – განაცხადა მაკა ფერაძემ.

მისი თქმით, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში მონიტორინგი ხორციელდება, მაგრამ როცა ოჯახი ფასდება როგორც კონფლიქტური, მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია და დაკვირვება სჭირდება, ამის რესურსი კი სახელმწიფოს არ აქვს.

მაკა ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ მართალია, შსს-ში სპეციალური ქვედანაყოფის შექმნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციას რეკომენდაციები აქვს, მაგრამ შსს-ში უკვე არსებობს მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, რომლის მიზანი ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისას პოლიციელების ადეკვატურობის შეფასებაა.

„გარდა ამისა, ფასდება ზოგადი ტენდენცია, როგორი მდგომარეობა გვაქვს ოპერატიულ დანაყოფებში რეგიონებში და აღმოჩენილი ხარვეზების საფუძველზე, ახალი ინიციატივების ინიცირებას ვახდენთ. პოლიციაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ტრენინგებითა და სხვა საშუალებებით ინფორმაცია ყველას თანაბრად მივაწოდოთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ასი პროცენტით ხორციელდება მანდატი, რაც პოლიციელებს აქვთ დაკისრებული. ხარვეზები დღემდე არსებობს. ამას ვაღიარებთ და მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, რომ ეს ხარვეზები მყისიერად აღმოიფხვრას”, – განაცხადა მაკა ფერაძემ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე