2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს დღეიდან იურიდიული ძალა აღარ ექნება
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს დღეიდან იურიდიული ძალა აღარ ექნება

2006 წლის პირველ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს დღეიდან იურიდიული ძალა აღარ ექნება.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის პირველ აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი გამოცვლა საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ მართვის მოწმობა 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა, ავტომობილის მართვა მხოლოდ მართვის მოწმობის გამოცვლის შემდეგ შეეძლება.

თუ მძღოლი ავტომობილს ძალადაკარგული მართვის მოწმობით მართავს, 500 ლარით დაჯარიმდება, როგორც მართვის მოწმობის არმქონე პირი.

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის პირველი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2014 წლის პირველი მარტიდან. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.