200 ათას ლარამდე სესხის ეროვნულ ვალუტაში აღებას იურიდიული პირებიც შეძლებენ
200 ათას ლარამდე სესხის ეროვნულ ვალუტაში აღებას იურიდიული პირებიც შეძლებენ

ლარში გასაცემი სესხების ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდა და ეროვნულ ვალუტაში კრედიტის ამღებთა სიაში იურიდიული პირების შეყვანა დედოლარიზაციას ისახავს მიზნად,  – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 100 ათას ლარამდე სესხების გაცემა ლარში მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდებოდა, ახლა კი, ზღვარი 200 ათას ლარამდე იზრდება, ასევე სესხის ლარში აღებას იურიდიული პირებიც შეძლებენ.

„200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტი, განვადება თუ სხვა სასესხო პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში უნდა გაიცემოდეს. აქამდე, ეს მაქსიმალური ზღვარი 100 ათას ლარამდე იყო და მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდებოდა. ცვლილებებით კი, ზღვარს 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე ვზრდით, ასევე ვაფართოებთ არეალს, ვისზეც გავრცელდება. შემოგვყავს იურიდიული პირები და პროდუქტების ნაწილში ლიზინგი, როგორც სასესხო პროდუქტი ასევე იქნება ნუსხაში შეყვანილი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრ ფიზიკურ პირსა და მცირე ბიზნესს აქვს სესხები დოლარში და შემოსავალი ლარში. შესაბამისად, მათ ლარის კურსის მერყეობა მძიმე ტვირთად აწვებათ.

როგორც მინისტრი აცხადებს, მთავრობის აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.