„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ჟურნალისტს მოუყვა ისტორია – როგორ მოხვდა 2012 წელს, 20 წლის ასაკში საავადმყოფოში აპენდიციტის მწვავე შეტევით, რამაც პერიტონიტი და თირკმლის ინფექცია გამოიწვია. ნიდერლანდელს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„მხოლოდ მილებს ვხედავდი ჩემს გარშემო. მთელს სხეულში მამტვრევდა და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. იმ მომენტში ყველაზე ცუდი აზრები მომდიოდა თავში.
ჩემი ცხოვრება საფრთხეში აღმოჩნდა. მე და დედა ვლოცულობდით და შესაძლო სცენარებს განვიხილავდით. რაღაც დოკუმენტებისთვის უნდა მომეწერა ხელი. ეს იყო რაღაც ანდერძის მსგავსი. ამაზე ლაპარაკი არავის უნდოდა, მაგრამ უნდა გაგვეკეთებინა ეს. 13 დღე გავატარე საავადმყოფოში და ნებისმიერი დღე შეიძლება ბოლო ყოფილიყო“, – თქვა ვან დეიკმა.
28 წლის ნიდერლანდელმა ამ სეზონში პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.