20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში ხელმოწერები წარადგინა
20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში ხელმოწერები წარადგინა

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა.

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლიდან ითხოვს.

15 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც საკონსტიტუციო ცვლილება უნდა განხორციელდეს. ოპოზიციას მაჟორიტარული წესის გაუქმება 2020 წლიდან უნდა. მათ არანაკლებ 200 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა 4 თვის ვადაში უნდა შეეგროვებინათ.

როგორც „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, ხელისუფლება იძულებული იქნება, გაიზიაროს პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების ნება 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს შეგვაქვს 300 000 ხელმოწერა, მაგრამ კამპანია გრძელდება მილიონი ხელმოწერის შესახებ. 10 დღის განმავლობაში ხელმოწერების ნამდვილობას პარლამენტი იხილავს, შემდეგ უკვე სესიაზე საერთო საჯარო განხილვის სპეციალური კომისია იქნება, რომელიც ერთთვიან შეხვედრებს ჩაატარებს საქართველოს მასშტაბით და ამ ერთი თვის განმავლობაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ძალიან აქტიურად ვიმოძრავებთ საქართველოში. შემდეგ პროცესი გადავა პარლამენტში, ჯერ კომიტეტში, შემდეგ სხდომაზე და ალბათ, დაახლოებით შემოდგომისთვის გვეცოდინება, თუ რა ელოდება „ქართულ ოცნებას“ – არჩევნებისა და კანონიერი გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები თუ სხვა გზებით ცოტა უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება, პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტაც. ვისაც ეს დროში ვერ აქვს დანახული, შემიძლია, კონსულტაცია უფასოდ გავუწიო, როგორ უნდა ჩაეტიოს ეს ყველაფერი დროში და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიცვალოს საარჩევნო გარემო. მართალია, იშვიათად, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხანდახან ახასიათებს გონივრული გამონათებები და ველოდები ამ იშვიათ გამონათებას ისევ მათთვის, სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.