20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [ფოტო]
20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [ფოტო]

20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და დიპლომატიურმა კორპუსმა მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოში 82 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორმა საბინე მახლმა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ. ასევე საქართველოში, თქვენც გყავთ იძულებით გადაადგილებული ადამიანები და გაქვთ გამოცდილება, აუცილებელია მათ გვერდით დგომა“, – განაცხადა საბინე მახლმა.

ამასთან, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი ჰუმანიტარული დახმარების გამცემია ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც კონფლიქტით ან სხვა მომიჯნავე პრობლემით არიან დაზარალებული.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ საზოგადოებასთან ერთად მსოფლიო ლტოლვილთა დღის აღნიშვნა. შეერთებული შტატები მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი ჰუმანიტარული დახმარების გამცემია ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც კონფლიქტით ან სხვა მომიჯნავე პრობლემით არიან დაზარალებული. შეერთებულმა შტატებმა 3 მილიონი გამოუყო საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასეთი პროგრამები შეეხო მათ საცხოვრებლით, ჯანდაცვით და ამ ტიპის სხვა საკითხებით უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რათა გავაანალიზოთ, რომ ამ ხალხს ჩვენი დახმარება ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.