20 ივნისის დაზარალებულთა ნაწილი ითხოვს, ამნისტია არ გავრცელდეს სამართალდამცველებზე
20 ივნისის დაზარალებულთა ნაწილი ითხოვს, ამნისტია არ გავრცელდეს სამართალდამცველებზე

20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებული დემონსტრანტების ნაწილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში წერილი შეიტანა. ისინი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტის შინაარსს აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტით ცდილობს, აირიდოს 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებლობა. მათი მოთხოვნაა, არ მოხდეს 20 ივნისის მონაწილე პოლიციელებისა და ბრძანების გამცემი პირების გათავისუფლება.

„20 ივნისის აქციის დაზარალებულები ვითხოვთ, ევროკავშირის წარმომადგენლობას მივმართავთ დასახმარებლად, რომ შედგეს ისეთი შეთანხმება და ისეთი გზა გამოიძებნოს, რომელიც არ შელახავს კიდევ ერთხელ ჩვენს უფლებებს. მაშინ, როდესაც სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის ღამეს, ბევრმა ჩვენგანმა მიიღო ზიანი, მათ შორის მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა და სხვა ხელმომწერებმა ისეთი ზიანი მიიღეს, რომელიც მათ სიცოცხლეზე აისახება.

არ შეიძლება, ამნისტია შეეხოთ ისეთ ადამიანებს, აღმსრულებლებსა და ორგანიზატორებს, რომლებმაც აღასრულეს 20 ივნისის სისხლიანი ღამე. ეს არის არაადამიანური მოპყრობა, არაჰუმანური მოპყრობა და როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლის პრინციპებით, არ არის დასაშვები, რომ ამნისტია გავრცელდეს არაადამიანური და არაჰუმანური მოქცევის ჩამდენ პირებზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, ამნისტია შეეხოთ როგორც რიგით აღმსრულებლებს, პოლიციელების სახით, რომლებიც ასახიჩრებდნენ ადამიანებს, ისე ბრძანების გამცემ პირებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან.