20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს
20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატი საქმის ცალკე ეპიზოდად გამოყოფას ითხოვს და პარალელურად პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობს.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მორის მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ იმყოფებოდა პარლამენტთან, მისი მხრიდან ძალადობაში მონაწილეობა უკავშირდებოდა მისი ბიძის ტერიტორიიდან გამოყვანას და იმას, რომ არ მომხდარიყო კარვის დარბევა.

ადვოკატის ინფორმაციით, მორის მაჩალიკაშვილის მიზანი არ ყოფილა სახელმწიფო არეულობაში მონაწილეობა, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებს. სწორედ ეს მოტივაციაა, რაზეც დაცვისა და ბრალდების მხარე ვერ თანხმდებიან.

მორის მაჩალიკაშვილთან ერთად 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულია ბეჟან ლორთქიფანიძეც. ასევე ადვოკატის შუამდგომლობაა, უდავოდ იქნას ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულება. ადვოკატის თქმით, შინაარსობრივ ნაწილს ისინი არ ეთანხმებიან, თუმცა აღარ მიიჩნევენ მიზანშეწონილად, მოხდეს პროცესზე მათი გამოკვლევა.

მორის მაჩალიკაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე არიან დაკავებულები.