20 ივნისის აქციაზე დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი არ უნდა მიიღოს
20 ივნისის აქციაზე დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი არ უნდა მიიღოს

20 ივნისის აქციაზე დაზარალებულებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.

მათივე შეფასებით, 20 ივნისის აქცია სადამსჯელო ოპერაცია იყო და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

„20 ივნისს დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები და მათი ოჯახის წევრები დღეს  შევიკრიბეთ ანტისაოკუპაციო აქციაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ სამშაბათს მოხდეს ამნისტიის კანონპროექტი. ჩვენი აზრით, ეს კანონპროექტი არის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სამართლებრივი პრინციპების დარღვევა. ჩვენთვის მიუღებელია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით და გარეთ ჰქონდეს იმის საშუალება და სამართლებრივი, პოლიტიკური ან მორალური უფლება, რომ გადაწყვიტოს ისეთი საქმეები, რომელიც ეხება ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს. ანტისაოკუპაციო აქციაზე არსებობს ძალიან ბევრი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ჩანს, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და არა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩატარებული პოლიციური ოპერაცია. ამ სადამსჯელო ოპერაციის დროს დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი.

„ქართული ოცნების“ სურვილი, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობას გაექცეს, უნდა ასრულდეს ოპოზიციის ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ დავებს როგორც სტრასბურგში, ასევე თბილისში და გვაქვს სურვილი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით მათ ამნისტიას. მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს არ მიიღონ ამაში მონაწილეობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ ამნისტიის კანონპროექტის მიღება გადაწყდება, სამშაბათს აქცია გაიმართება.