20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები დაიკითხნენ
20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები დაიკითხნენ

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე მისი თანაპარტიელები დაიკითხნენ.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მხრიდან 20 ივნისის აქციაზე ძალადობას ან ძალადობის მსგავს მოწოდებებს ადგილი არ ჰქონია, რასაც მას გამოძიება ედავება. ოქრუაშვილის სხვა თანაგუნდელებმაც განაცხადეს, რომ 20 ივნისის აქციაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა არ ყოფილა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის შეფასებით, მოწმეები, რომლებიც დღეს იყვნენ დაკითხული, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ და ადასტურებენ, რომ მათი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ქონია. ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი ვიდეომასალა, თუმცა ამ მასალითაც არ დასტურდება, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ჯგუფის ორგანიზებას ან ძალადობისკენ მოწოდებებს ჰქონდა ადგილი.

საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი დღეს დაკითხული მოწმეთა ჩვენებებზე ამბობს, რომ მათ მოწმეებს წარუდგინეს ის ძალადობის ვიდეომასალა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილიც ფიქსირდება, თუმცა მოწმეებმა განაცხადეს, რომ იმ დროს ისინი ტერიტორიაზე არ ყოფილან. გარდა ამ მასალისა, ბრალდების მხარის განცხადებით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალდების გასამყარებლად საქმეშია მოწმეთა ჩვენებებიც.

მომდევნო სხდომა კვლავ დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. სხდომა 20 მარტს ჩაინიშნა. ირაკლი ოქრუაშვილი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.  ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.