20-21 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას დაკითხვის შესახებ ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
20-21 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას დაკითხვის შესახებ ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება ადვოკატების შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარე მოითხოვდა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხულიყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, მისი ყოფილი მოადგილეები ნათია მეზვრიშვილი, ნინო ჯავახაძე, კახა საბანაძე და სდსს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე.

როგორც მოსამართლემ განმარტა, დაცვის მხარემ საკმარისი არგუმენტები არ წარმოადგინა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომაზე პროტესტი მოყვა და დამსწრეთა ნაწილმა დარბაზი შეძახილებით დატოვა.

უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ შუამდგომლობაში დასახელებული პირები მიმდინარე საქმეში მთავარი ფიგურანტები არიან. ადვოკატების თქმით, თვითონ გიორგი გახარია ამბობს, რომ ის პასუხისმგებელია 20-21 ივნისის მიმდინარე მოვლენებზე და ის პროკურატურაშიც იმყოფებოდა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მათ ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს, რომ ეს პირები სასამართლოს წინაშე გამოცხადებულიყვნენ.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორების განმარტებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში დასახელებული პირები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები არ არიან და უფლებადამცველების შუამდგომლობაც არგუმენტირებული არ არის.