20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული სამი პირი ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე პატიმრობაში რჩებიან.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.

„არ ველოდი, რომ არ გამოუშვებდნენ. მეგონა, რაღაც გულისხმიერებას გამოიჩენდნენ. მაღლიდან აქვთ დაკვეთა გამოუშვან თუ არა, ასეთი სამართლიანი მოსამართლე გვყავს“, – განაცხადა ადვოკატმა, მედიკო მარგოშვილმა.

მომდევნო სხდომა 24 სექტემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძე ხუთი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ერთი თვის წინ გათავისუფლდა.