20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყება.

ორი კვირის წინ, წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემაზე შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არსებობს სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და შესაბამისად, საქმის განხილვა არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა.

პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს. თუმცა გიორგი ესიაშვილი მის ბრალდებაზე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.

ბრალდებულის ადვოკატის, ზაზა არჩვაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად იზიარებს წარდგენილ ბრალდებას და სასამართლო სხდომაზე რაიმე შუამდგომლობით მოსამართლისთვის არ მიუმართავთ.

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების ჩამონათვალშია მოწმეების ჩვენებები, მათ შორის დაზარალებულების და ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებიდან ამოღებული ვიდეოკადრები.

გიორგი ესიაშვილი ივლისში დააკავეს და მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლო სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი