20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 5 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე. პროკურატურა დაცვის მხარის ამ პოზიციას არ ეთანხმებოდა და მიიჩნევდა, რომ რაიმე ახალი გარემოება, რომელიც მის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას შეცვლიდა, არ გამოვლენილა.

მოსამართლემ ადვოკატის პოზიცია არ გაითვალისწინა და ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ლევან იმერლიშვილი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. მისი ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის პრობლემაა.

წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და მიიჩნია, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა გადავიდეს.

ლევან იმერლიშვილი გამოძიებამ ივლისში დააკავა. მას ბრალდების მხარე ედავება მომიტინგეს მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას. ადვოკატის ინფორმაციით, იმერლიშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

საქმის არსებითი განხილვა 19 სექტემბერს 13:00 საათზე დაიწყება.