20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულების, ვალერიან გელაშვილისა და კახა ღავთაძის მომდევნო სხდომა 16 ოქტომბერს გაიმართება
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულების, ვალერიან გელაშვილისა და კახა ღავთაძის მომდევნო სხდომა 16 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულების ვალერიან გელაშვილსა და კახა ღავთაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს და საქმის გარემოებებზე ისაუბრეს. დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„ყურადღება გავამახვილეთ ბრალდების აბსურდულობაზე. ბენჟამენ ჯონსონის კალამს დაამშვენებდა ის, რასაც ვხედავთ. პროკურორები, რომლებსაც არგუმენტები არ გააჩნიათ და დაზეპირებული ტექსტებით გამოდიან, აცხადებენ, ხანდახან თავდახრილები იმას, რაც არ მომხდარა. ვატო გელაშვილმა თუ რამე დაარღვია ეს არის ხატოვანი გინება, სხვა არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ორჯერ მოიქნია ფეხი და ვერ გაარტყა ვერავის“, – განაცხადა ვალერიან გელაშვილის ადვოკატმა ვახტან იაშვილმა.

კახა ღავთაძე და ვალერიან გელაშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიება მათ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ვალერიან გელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო კახა ღავთაძეს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მომდევნო სხდომა 16 ოქტომბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.