20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულების, ვალერიან გელაშვილისა და კახა ღავთაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულების, ვალერიან გელაშვილისა და კახა ღავთაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულების, ვალერიან გელაშვილისა და კახა ღავთაძის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს განიხილავს. ამის შესახებ ვალერიან გელაშვილის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ვიდეოკადრებში ვალერიან გელაშვილის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ ჩანს და მის წინააღმდეგ საქმე უსაფუძვლოდ არის აღძრული. ვახტანგ იაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაცვის მხარემ საქმის შეწყვეტა მოითხოვოს.

„საქმე არის შესაწყვეტი, ჩვენ სხვა პოზიცია არა გვაქვს და ვერც გვექნება. მაგრამ ისიც ვიცით, რომ სასამართლო არაა თავისუფალი. აქედან გამომდინარე, სასამართლო სრული მოცულობით იქნება ჩატარებული. მზად ვიქნებით როგორც შესავალი სიტყვისთვის, ასევე შემდგომი ეტაპებისთვის. სასამართლოს ავუხსნით და თვითონ დარწმუნდება, უშუალოდ ვიდეოჩანაწერის ნახვის დროს, რომ ვალერიან გელაშვილი საერთოდ არავის არ ეხება. არ ჩანს ასეთი რამ. ფიზიკურად ის არავის შეხებია, არავინ დაუზიანებია“,-განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

ბრალდებულ ვალერიან გელაშვილს რვა ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებული კახა ღავთაძე პატიმრობაში დატოვა.

წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი განიხილა, თუმცა კახა ღავთაძის ადვოკატის შუამდგომლობა არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებაზე არ გაითვალისწინა.

კახა ღავთაძე და ვალერიან გელაშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიება მათ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

სასამართლო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.