2 სექტემბერს ონში ქართველი შინდლერისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გაიხსნება
2 სექტემბერს ონში ქართველი შინდლერისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გაიხსნება

„ისრაელის სახლისა“ და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2 სექტემბერს, ონში, კულტურის სახლის ეზოში ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მსოფლიო ცენტრის მიერ მართალად აღიარებული სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნება.

ღონისძიება ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარდება და მას მხარს უჭერს ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაცია AEPJ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მონუმენტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები და სტუმრები ისრაელიდან.

ასევე, მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე პირდაპირი ჩართვით ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ქნესეთის იმიგრაციის, აბსორბციისა და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი. ის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაუს პარტია „ლიქუდის“ ერთ-ერთი ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს „ისრაელის სახლის“ ღონისძიებებში.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ნაწილში სადაც არ ყოფილა ჰოლოკოსტი, ონი გახდა ის ქალაქი, სადაც გაიხსნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი. ამ მოვლენას უკვე აქვს დიდი გამოხმაურება ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში. „ისრაელის სახლი“ მუშაობს ქვეყნებს შორის კავშირების შექმნაზე და ქართველი შინდლერის სახელის უკვდავყოფა, ამ მონუმენტის და საერთოდ ონის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტში ჩართვა კიდევ ერთი ძლიერი ხიდია საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის.

მონუმენტის გახსნის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები გადაინაცვლებენ ონის სინაგოგაში, რომელსაც წელს 125 წელი შეუსრულდა. ის საქართველოში სიდიდით მესამე სინაგოგაა და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლად არის აღიარებული.

ამასთან, „ისრაელის სახლმა“, რომელიც საქართველოში ევროსაბჭოს მიერ შექმნილი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ოფიციალური წარმდგენია, შექმნა ებრაული მემკვიდრეობის ონი-ლაილაშის მარშრუტი. ორგანიზაციის ინიციატივით, ახლად გახსნილი ჰოლოკოსტის მონუმენტი, ონის სინაგოგასთან ერთად, ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილი გახდება. ეს იქნება, აგრეთვე, ახალი ტურისტული ატრაქცია რეგიონში, რომელიც მოიზიდავს უცხოელ ტურისტებს, მათ შორის ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მომავალში დაგეგმილია სოფელ უწერაში სერგი მეტრეველის საცხოვრებელი სახლზე აბრის გაკეთება, სადაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ორი ებრაელი თავს აფარებდა.

დღის ბოლოს ონის კულტურის სახლში, ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში, გაიხსნება „ისრაელის სახლის“ მიერ  საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. ახალგაზრდა მომღერალი ქრისტი ჯაფარიძე რამდენიმე ებრაულ სიმღერას შეასრულებს.

ცნობისთვის, 1942 წელს ნაცისტების მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ კისლოვოდსკის დაკავებისას, სერგი მეტრეველმა, რომელიც კისლოვოდსკის ღვინის ქარხანაში მუშაობდა, რამდენიმე ებრაელი ქალაქს განარიდა და ფეხით რაჭაში, მშობლიურ უწერაში ჩაიყვანა. ასე გადაურჩნენ ემილ ზიგელი და არკადი რაბინოვიჩი სიკვდილს. კისლოვოდსკში დარჩენილი ებრაელები ნაცისტებმა დახვრიტეს.

2006 წელს იერუსალიმის მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსოვნის ცენტრმა – იად ვაშემმა სერგი მეტრეველს მართალის („ხასიდეი უმოთ აოლამ“) საპატიო წოდება მიანიჭა და მისი სახელი უკვდავყო. 2015 წელს „ისრაელის სახლმა“ ქნესეთის მხარდაჭერით, სერგი მეტრეველზე და მის მიერ გადარჩენილ ემილ ზიგელზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი. ფილმის პრემიერა თბილისში, „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებულ ჰასბარას (ისრაელის მხარდამჭერ) ღონისძიებაზე გაიმართა.