2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია „მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა და საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე მტკვარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღებულ სინჯებში ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

უწყება აღნიშნავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო  მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველთვიურად 19 წერტილში, ხოლო კვარტალურად 33 წერტილში ახორციელებს,  შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე მუდმივად იდება.