2-3 ივლისს ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
2-3 ივლისს ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2 და 3 ივლისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ხელოვნების მკვლევართა XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

ხელოვნების მკვლევართა კონფერენცია წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით საერთაშორისო სტატუსის გახდა. მსოფლიო პანდემიის გამო, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შეეცვალა კონფერენციის ფორმატი და 2020 წელს ის დისტანციურ ფორმატში გაიმართება.

კონფერენციის მონაწილეებს, გახსნაზე სიტყვით მიესალმებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და ბატონი ლევან ხარატიშვილი..

ხელოვნების მკვლევართა კონფერენცია დაფუძნდა 2008 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ ნატო გენგიურის ინიციატივით და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონფერენციის თემატიკა ხელოვნებაა, მოხსენებები მოიცავს ხელოვნების ყველა დარგის კვლევას და ამავე დროს მომიჯნავე დარგებსაც, რომელთაც კულტურასა და ხელოვნებასთან აქვს კავშირი.

ამიტომ, კონფერენცია სექციების მრავალფეროვნებით ხასიათდება. მათ შორის: თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ქორეოლოგიის, მუსიკათმცოდნეობის, მედიის, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები.

2020 წლის, ხელოვნების მკვლევართა XIII საერთაშორისო კონფერენციის პრიორიტეტული თემაა „ხელოვნება და თანამედროვეობა“. იმუშავებს თავისუფალი თემატიკის სექციებიც. სულ 12 სექცია. მონაწილეობას იღებს 60-მდე მომხსენებელი, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო დაწესებულებებიდან, მათ შორის არა მხოლოდ სახელოვნებო მიმართულების.

მომხსენებელთა შორის არიან დასავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უნივერსიტეტების პროფესორები და დოქტორანტები.

ხელოვნების მკვლევართა კონფერენციის მასალები ყოველწლიურად იბეჭდება სამეცნიერო კრებულში „მე-20 საუკუნის ხელოვნება“. 2020 წელს, მომზადდა 2019 წლის კონფერენციის მასალების საფუძველზე კრებულის მე-10 ტომი, სახელწოდებით „ევროპა და ქართული კულტურა“ (ჯერჯერობით ელექტრონული სახით).

2020 წელს დაგეგმილია ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციის მასალების – „ხელოვნება და თანამედროვეობა“ – ორენოვან კრებულად მომზადება და მისი როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით გამოცემა.