1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - პირველად ფერად ტელევიზორში, ნიდერლანდების ტოტალური ფეხბურთი და დასავლეთ გერმანიის გამარჯვება [ვიდეო] #1TVSPORT

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მუნდიალების ისტორიიდან ბევრი საინტერესო ფრაგმენტი გაგაცანით. მე-10 მსოფლიო ჩემპიონატს დასავლეთ გერმანიამ უმასპინძლა და 1974 წლის 13 ივნისიდან 7 ივლისამდე ჩატარდა.

 

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

მონაწილე – 16

ჩემპიონი – დასავლეთ გერმანია

მატჩი – 38

გოლები – 97 (საშუალოდ 2,55 მატჩში)

დასწრება – 1,865,762 (საშუალოდ 40,099 მატჩში)

ბომბარდირი – გჟეგოჟ ლატო (პოლონეთი), 7 გოლი

 

ეს მოხდა 1974 წელს დასავლეთ გერმანიაში

– შოტლანდია ტურნირზე ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო, რომელსაც ჯგუფში ორი ფრე და გამარჯვება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

– 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო პირველი მუნდიალი, რომელზეც ინგლისი ვერ გავიდა მას შემდეგ, რაც 1950 წლიდან დაიწყო მონაწილეობა.

– ჰაიტელი ფეხბურთელი ჟან ჟოზეფი დოპინგის მიღების გამო ჩემპიონატიდან მოკვეთეს.

– წარმოშობით უნგრელი, ჩილეს ნაკრების წევრი კარლოს კაზელი გახდა პირველი მოთამაშე, რომელსაც წითელი ბარათი უჩვენეს.

– ავსტრალია იყო პირველი გუნდი ოკეანეთის ზონიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

 

ახალი თასი

ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ფიფა-ს პრეზიდენტი გახდა პირველი არაევროპელი, ბრაზილიელი ჟოაო აველანჟი, რომელიც ამ თანამდებობას 1998 წლამდე იკავებდა, სანამ ზეპ ბლატერმა შეცვალა.

ჟიულ რიმეს თასი სამუდამოდ დარჩათ ბრაზილიელებს, რომლებმაც მესამე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ოთხი წლით ადრე, 1970 წელს მოიპოვეს. ამგვარად, დასავლეთ გერმანიაში გასამართი ტურნირისთვის ახალი თასი დამზადდა, რომელიც 2038 წლამდე იმოქმედებს, როცა გამარჯვებულის სახელის ამოსაკვეთად ადგილი აღარ დარჩება.

საკვალიფიკაციო ეტაპი 4-4 გუნდიან 4 ჯგუფად დაიყო და მეორე ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან პირველი ორი გუნდი გავიდა. ისტორიაში პირველად, მატჩების ყურება ფერად ტელევიზორებში გახდა შესაძლებელი, ხოლო მოთამაშეებს შორტებზე ნომრები პირველად დააწერეს.

რინუს მიხელსის ხელმძღვანელობით ნიდერლანდებმა საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა და ეგრეთ წოდებული ტოტალური ფეხბურთი დიდ ტურნირზე პირველად აჩვენეს – მაშინ დაიბადა რეალურად ის ფეხბურთი, რომელიც თანამედროვე თამაშის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს.

მიხელსის გუნდმა პირველი ეტაპი მე-3 ჯგუფის პირველმა გუნდმა ორი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, მეორე ეტაპზე კი ძალა გამოავლინეს და ზედიზედ დაამარცხეს არგენტინა (4:0), აღმოსავლეთ (კომუნისტური) გერმანია (2:0) და ბრაზილია 2:0.

მესამე ადგილისთვის მატჩში პოლონეთმა ბრაზილიელებს 1:0 მოუგო – კარაოკეს გარეშე დარჩენილი დამდგარი პელეს გარეშე ვერ მოახერხებდა. გადამწყვეტი გოლი გჟეგოჟ ლატომ გაიტანა, რომელმაც ტურნირი შვიდი გოლით დაასრულა და ბომბარდირი გახდა.

 

მეტოქის დამცირება გვინდოდა

ფინალი ნიდერლანდებსა და დასავლეთ გერმანიის ნაკრებებს შორის მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე 75 200 მაყურებლის თვალწინ გაიმართა. ბევრი ფავორიტად ნიდერლანდებს თვლიდა – თაობას, რომელშიც იოჰან კრუიფი, იოჰან ნეესკენსი და ჯონი რეპი თამაშობდნენ, ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ.

დასავლეთ გერმანელებსაც არ სჯეროდათ, რომ საკმარისად ძლიერები იყვნენ მეტოქის დასამარცხებლად, მაგრამ მიხელსის გუნდი ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დაღუპა. ნიდერლანდელები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ კრუიფის მოპოვებული და ნეესეკენსის შესრულებული პენალტით. მასპინძლებმა გოლამდე ბურთზე შეხებაც ვერ მოახრეხეს.

„1:0 ჩვენთვის საკმარისი არ იყო. მათი დამცირება გვინდოდა. გვინდოდა მათთან ერთად გართობა და დაგვავიწყდა, რომ გოლები უნდა გაგვეტანა. გერმანელები უფრო გაბრაზებულები და აგრესიულები გახდნენ, ჩვენ კი ძალიან დავმშვიდდით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბევრად უკეთ ვთამაშობდით“, – იხსენებდა ნიდერლანდების ნახევარმცველი ვილემ ვან ჰანეგემი.

დასავლეთ გერმანიამ ანგარიში გაათანაბრა პოლ ბრაიტნერის მიერ შესრულებული საკამათო პენალტის შემდეგ, ხოლო მასპინძელთა ბომბარდირმა გერდ მიულერმა 43-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

ნიდერლანდებმა თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს და მიულერი პენსიაზე გავიდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონი და 62 მატჩში 68 გოლის ავტორი, რაც დღემდე საშუალო მაჩვენებლით გამორჩეული მაჩვენებელია.

ჩემპიონატი, რომელიც იოჰან კრუიფის ზეიმად უნდა ქცეულიყო, ფრანც ბეკენბაუერის ტურნირად გადაიქცა. ახალი თასი სწორედ ბუნდესნაკრების კაპიტანმა ფრანც ბეკენბაუერმა აღმართა.