19 ათასი ხმით გიორგი შერმადინი ლიდერია - ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა დღეს დასრულდება [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს დასრულდება ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე მიმდინარე გამოკითხვა სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად. ხმის მიცემა 27 აპრილს დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით (14 მაისი) პირველ ადგილზეა „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელიც მართლაც მაღალ დონეზე ატარებს სეზონს.

გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანეთის პირველობის („ლიგა ენდესა“)  მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები იღებენ. ამ ოთხი სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.

გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. ხმის მიცემისთვის უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ სოცქსელებში ან ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini. გამოკითხვაში მონაწილეობენ ასევე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელები –  თად მაკფადენი და კონერ ფრენკამპი.