18 წლის კარლოს ალკარასი მაიამის „მასტერსის“ გამარჯვებულია #1TVSPORT
18 წლის კარლოს ალკარასი მაიამის „მასტერსის“ გამარჯვებულია #1TVSPORT

18 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი მაიამის „მასტერსის“ ტრიუმფატორი გახდა. მან საათსა და 50 წუთში ორ სეტში მოუგო ნორვეგიელ კრისტიან რუუდს – 7:5, 6:4, რითაც კარიერაში მესამე ტიტული და „მასტერსის“ სერიის პირველი ტურნირი მოიგო.

ფინალის სტარტი უკეთ რუუდს გამოუვიდა, რომელმაც ანგარიშით 3:0 დაწინაურება შეძლო. თუმცა, 1:4-დან მოყოლებული, ალკარასმა ცხრიდან რვა გეიმი აიღო და მეორე სეტში ორმაგი ბრეიკით – 7:5, 3:0 დაწინაურდა. მართალია, რუუდმა ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ ბოლო სამ საკუთარ გეიმში ესპანელმა მხოლოდ ორი ქულა დათმო და მიიყვანა მატჩი მოგებამდე.

 

ფაქტები

* ალკარასი მაიამის „მასტერსის“ 37-წლიან ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია (18 წლისა და 333 დღის). მან ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდი გააუმჯობესა.

* ალკარასზე უფრო ახალგაზრდა ასაკში კარიერაში პირველი „მასტერსი“ მოგებული აქვთ ამერიკელ მაიკლ ჩანგსა (1990) და ესპანელ რაფაელ ნადალს (2005).

* ალკარასი პირველი ესპანელია, რომელმაც მაიამის „მასტერსი“ მოიგო.

* ამ სეზონზე ალკარასმა 20 მატჩი ჩაატარა და 18 მოიგო, რაც 90 პროცენტს შეადგენს. 2022 წელს პროცენტულად მასზე წინ მხოლოდ რაფაელ ნადალია (95%).

* ალკარასმა ATP-ის ახალ რეიტინგში ხუთი ადგილი მოიგო და მე-11 პოზიციაზეა. ტოპ-ათეულამდე მას 29 ქულა აკლია.