18 ქულა და საუკეთესო მომენტის შემოქმედი - თორნიკე შენგელიამ „ჟალგირისთან“ გაიმარჯვა (ვიდეო)

ევროლიგის მე-19 ტურში საბჭოური საკალათბურთო კლასიკა ვიხილეთ – ცსკა-მ ლიეტუვის „ჟალგირისს“ უმასპინძლა. მოსკოველებმა დაძაბულ მატჩში 83:73 გაიმარჯვეს.

ცსკა-ში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. სროლის სიზუსტეც არ დაეწუნებოდა: 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო.

სხვათა შორის, მატჩის საუკეთესო მომენტის შემოქმედი (ევროლიგის აღიარებით) შენგელია გახდა. მან ბურთი გვერდითი ხაზიდან შეიყვანა, ნიკიტა კურბანოვს გადასცა, რომელმაც ფარქვეშ შევარდნილ თოკოს დაუბრუნა და მანაც ეფექტურად ჩატენა.

თორნიკეზე მეტი მხოლოდ მისმა ამერიკელმა თანაგუნდელმა მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო – 21 ქულა. „ჟალგირისის“   ბომბარდირი 16 ქულით მარიუს გრიგონისი გახდა.

ეს გახლდათ ცსკა-ს მე-15 გამარჯვება ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში. მას მხოლოდ 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა. შენგელიას თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 15 იანვარს ისევ შინ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავენ.