17 წლის ქართველი იტალიური გუნდის განაცხადშია
17 წლის ქართველი იტალიური გუნდის განაცხადშია

იტალიის სერია “ბ”-ს გუნდის, “პადოვას” განაცხადში 17 წლის ქართველი ნახევარმცველი დავით ლორთქიფანიძეც მოხვდა, ის გუნდში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

2001 წელს დაბადებული ლორთქიფანიძე თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია, 2013 წლიდან კი „საბურთალოში“ თამაშობდა. იტალიაში 2015 წელს გადავიდა და “ატალანტას“ ცნობილ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. მას გიორგი ნემსაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში იწვევდა.

17 წლის ქართველი ნახევარმცველი “პადოვას” განაცხადში ყველაზე პატარა ასაკის ფეხბურთელია.

„კლუბმა განაცხადში 5 მოთამაშე 19-წლამდელთა გუნდიდან შეგვიყვანა. უმთავრესად, გამოსვლა სწორედ 19-წლამდელში მომიწევს, მაგრამ იმედიც მაქვს, მცირე დროს ძირითად გუნდშიც მომცემენ. რაც მთავარია, ზაფხულიდან მოყოლებული, ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვვარჯიშობ და გუნდს ორ შეკრებაზე ვახლდი. ახლა ორი ვარჯიში ძირითადში მიტარდება, 2-იც – 19-წლამდელებში, იანვრიდან კი სულ მთავარ “პადოვაში” ვიქნები” – ამბობს ლორთქიფანიძე.