17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების თანხა 15 სექტემბრამდე ანაზღაურდება, დოკუმენტაციის ატვირთვა სპეციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების თანხა 15 სექტემბრამდე ანაზღაურდება, დოკუმენტაციის ატვირთვა სპეციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი

დარწმუნებული ვარ, სწავლის დაწყებამდე, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო ხელმისაწვდომს გახდის იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ კომპენსაციას. განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა და ჩემი მოადგილე დეტალურად გააცნობს საზოგადოებას, თუ რა დოკუმენტები იქნება წარმოსადგენი, რომ ბავშვებმა მიიღონ ეს კომპენსაცია. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. შემდეგ კვირაში ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ამასთანავე ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“,- განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.