17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უელსთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა უელსთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დათმო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე თამაშის რეალურ შანსს ინარჩუნებს.
ტატა მატვეევას გუნდმა შესარჩევ ჯგუფში ასპარეზობა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებით დაიწყო – 3:2. უელსთან თბილისში, სფფ-ის „ბასას“ ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაშიც ჩვენი გუნდი, მინიმუმ, ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო.
სტუმრები მე-8 წუთზე მეიზი სტინსმა დააწინაურა. ნატალია გუგულაშვილის (14) და მარიამ გასანოვას (42) გოლებით ჩვენი გუნდი შესვენებამდე წინ გავიდა. თუმცა სტისნმა მეორე გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, 87-ე წუთზე კი მაია ქესუელმა უელსს გამარჯვება მოუტანა.
B ლიგის მეოთხე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, ჩრდილოეთ მაკედონიამ ლუქსემბურგს 1:0 სძლია. 31 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ლუქსემბურგის ნაკრებს „ბასას“ საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მიიღებს. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს. ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგთან მოგების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.