17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფი სლოვაკეთთან მარცხით დაიწყო #1TVSPORT
17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფი სლოვაკეთთან მარცხით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და 2:0 დამარცხდა.

პირველი რაუნდის B1 ჯგუფის პირველ შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდი ჯგუფის მასპინძელს, სლოვაკეთს დაუპირისპირდა – ანგარიში ძალიან სწრაფად, მე-2 წუთზე გაიხსნა. კუთხურის გათამაშების შემდეგ ვიქტორია ჰავალეცმა ჩვენი დაცვის არეულობით ისარგებლა.

საქართველოს ნაკრები მეტოქეს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ სლოვაკებმა მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხეს. მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევისას 65-ე წუთზე ესთერ მელიხარეკმა კარიდან ოდნავ წინ გამოსული მეკარე შენიშნა, ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს, მონტენეგროს წინააღმდეგ თბილისის დროით 15:00 საათზე გამართავს, ხოლო დასკვნით მატჩში 11 ნოემბერს, ლატვიას ასევე 15:00 საათზე დაუპირისპირდება.