სალომე ხუბულური - თუ ოდნავ გაგვიმართლებს, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ  #1TVSPORT
სალომე ხუბულური - თუ ოდნავ გაგვიმართლებს, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ  #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები პირველია, რომელსაც ქალი წვრთნის. სალომე ხუბულურის ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2022-ის შესარჩევისთვის ემზადება.

„ნორმალური ჯგუფია და ვფიქრობ, რომ ბრძოლის შემთხვევაში, გასვლა შეიძლება. ჩვენი მეტოქეები არიან ლუქსემბურგი, ბელარუსი და კოსოვო. გოგონები კარგად გამოიყურებიან და ვფიქრობ, რომ გუნდში საბრძოლო განწყობაა. თუ ოდნავ გაგვიმართლებს, ამ ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეთ“, – ამბობს სალომე ხუბულური.

მან საქართველოს 17-წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრების პრობლემებზეც ილაპარაკა:

„პრობლემები გვაქვს, ისევე როგორც ყველა ნაკრებს, მაგრამ ყველაფერს ჩანაფიქრის მიხედვით თუ გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ“.

მისი ხელმძღვანელობით გუნდი ლუქსემბურგში დაგეგმილ ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. 17-წლამდელები „ბ1“ ჯგუფში 24-30 სექტემბერს ბელარუსის, კოსოვოსა და ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან. ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში 18 ფეხბურთელის შემადგენლობით 22 სექტემბერს გაემგზავრება.

ფორმატის თანახმად „ბ“ ჯგუფში გამარჯვებული ნაკრებები (სულ 6 გუნდი) „ა“ ლიგაში გადაინაცვლებენ. წლის ბოლოს კი „ა“ ლიგაში მოასპარეზე 28 ნაკრები, ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. 7 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდება. ფინალური ეტაპი 2022 წლის 3-15 მაისს 8 გუნდის მონაწილეობით გაიმართება.