ვილი სანიოლი Pro ლიცენზიის კურსის მსმენელებს შეხვდა - მათ უნდა იცოდნენ, ნაკრების მწვრთნელს როგორი ხედვა აქვს #1TVSPORT
ვილი სანიოლი Pro ლიცენზიის კურსის მსმენელებს შეხვდა - მათ უნდა იცოდნენ, ნაკრების მწვრთნელს როგორი ხედვა აქვს #1TVSPORT

მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მეორე მოდულის კურსის მონაწილეებს ვილი სანიოლი შეხვდა – ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მონაწილეებს საფეხბურთო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეორე მოდული „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, ორგანიზატორი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება. კურსზე 16 მონაწილე ირიცხება, მათ შორის ერთი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სალომე ხუბულურია. სწავლება ორ წელზეა გადანაწილებული და მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სამუშაოებს და საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.

ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად უეფა-ს Pro ლიცენზიის მეორე მოდული სასწავლო პროცესს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა.

„მწვრთნელთა განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის პირდაპირაა დაკავშირებული ფეხბურთელების სწორ განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კვალიფიციური მწვრთნელი გვყავდეს. ვთვლი, რომ სასწავლო პროცესში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საჭიროა, რომ Pro ლიცენზიის მონაწილეებმა იცოდნენ, მას როგორი ხედვა აქვს, რადგან ეროვნული ლიგიდან ნაკრებში მოხვედრის ბევრი კანდიდატი გვყავს“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.